პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა I მოსმენით მიიღო

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 1-ლი მოსმენით, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს, პარტიას შეუჩერდეს საბიუჯეტო დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე იმ პარტიის წევრთა ნახევარი მაინც, ვინც გახდა პარლამენტის წევრი, შეიწყვეტს უფლებამოსილებას, არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომებს;

პაკეტით ასევე რეგლამენტში გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრს შეუწყდება სახელფასო ანაზღაურება, როდესაც დეპუტატი მორიგე სესიაზე არასაპატიო მიზეზით არ ესწრება სესიებს.

დღევანდელ სესიაზე უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა ინიციატივა, რომ პარტიების დაფინანსების წესსა და პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ, მეორე მოსმენით კი მას შემდეგ განიხილონ, რაც მათი პოზიცია გახდება ცნობილი. სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან „შანტაჟს, ტერორსა და მუქარას“ უწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუქარას ხედავენ ხელისუფლების რიტორიკაში და ოპოზიციური პარტიების სანქცირებად აფასებენ.