„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ „გირჩის“ მენეჯმენტში უფრო მეტად ჩართვას აპირებს. ამის შესახებ მან „ZOOM-იერ ჯაფარაში“ მხარდამჭერის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეკითხვაზე – „გირჩის“ მენეჯმენტში რატომ არ იღებ მონაწილეობას? მხოლოდ ეთერებში სიარული რა სარგებლის მომტანია, თუ პარტია ჩამოინგრა?“
პასუხად ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იღებს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მენეჯმენტში დიდი დოზით არ მონაწილეობს, თუმცა „პარტიის ჩამონგრევის“ შესახებ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„არაფერი არ ჩამონგრეულა, არც არაფერი ჩამოინგრევა. თუმცა ამ კრიტიკას ვიღებ, რომ მონაწილეობას არ ვიღებ მენეჯმენტში. იმ დოზით არ ვიღებდი, რა დოზითაც შეიძლება, საჭირო იყო. ამ მხრივ ვაპირებ, რომ შევცვალო სიტუაცია ანუ უფრო მეტად ჩავერთვები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გუშინ, 2 დეკემბერს „გირჩის“ მხარდამჭერმა ტორესა მოსიმ თქვა, რომ „გირჩში” არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება. მან ამაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ზურაბ ჯაფარიძეს დააკისრა. თავის სტატუსში ტორესა მოსი იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა.