„არასწორი იყო არა შინაარსის, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო“ - ჯაფარიძე ხვიჩიას განცხადებაზე

პუბლიკა

„ჩათვალა ადამიანმა, რომ პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა, თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო; არა შინაარსის, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ZOOM-იერ ჯაფარაში“ პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა და შენახვა. იაგო ხვიჩიამ ეს ინფორმაცია facebook-ზე გააზიარა და მიაწერა: „ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა, ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.

ზურაბ ჯაფარიძეს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ჰკითხა: „ეთანხმები ან არ ეთანხმები, არა, ასეთი ქცევები და გამოხტომები იაგოს მხრიდან როდემდე უნდა გაატაროთ? არ შეცვლით არაფერს?“

ამ შეკითხვის საპასუხოდ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „კი, რაღაცებს შევცვლით. გამოხტომას ამას ვერ დავარქმევ. რავი, ჩათვალა ადამიანმა, რომ პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა, თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და შემიძლია ბევრნაირად ავხსნა, რატომ იყო არასწორი. არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო.

მაგრამ, ჰო, კითხვის შინაარსი გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მოდი, მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე, აქ”, – ამბობს ჯაფარიძე.

მხარდამჭერების კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რატომ არ იღებს ჯაფარიძე მონაწილეობას პარტიის მენეჯმენტში.

შეკითხვაზე – „გირჩის“ მენეჯმენტში რატომ არ იღებ მონაწილეობას? მხოლოდ ეთერებში სიარული რა სარგებლის მომტანია, თუ პარტია ჩამოინგრა?“

პასუხად ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იღებს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მენეჯმენტში დიდი დოზით არ მონაწილეობს, თუმცა „პარტიის ჩამონგრევის“ შესახებ მოსაზრებას  არ ეთანხმება.

„არაფერი არ ჩამონგრეულა, არც არაფერი ჩამოინგრევა. თუმცა ამ კრიტიკას ვიღებ, რომ მონაწილეობას არ ვიღებ მენეჯმენტში. იმ დოზით არ ვიღებდი, რა დოზითაც შეიძლება, საჭირო იყო. ამ მხრივ ვაპირებ, რომ შევცვალო სიტუაცია ანუ უფრო მეტად ჩავერთვები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეკითხვაზე: „პარტიული ცვლილებების მხრივ რა ბერკეტები შეიძლება ჩაიდოს, რომ რესურსი და ყურადღება არ გაიფლანგოს არამიზნობრივად ისეთ თემებზე, რაზე საუბარიც არაპრიორიტეტულია პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. პირველი შემთხვევა არაა, რომ „ბაბლი“ და არა მარტო, სრულიად არაადეკვატურ მომენტში ლაპარაკობს ისეთ თემებზე, რაზე საუბარიც ამ წუთას პრაგმატულად არაფრის მომტანია.“

ჯაფარიძე პასუხობს: „მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ეს ფუნდამენტურად არასწორი მგონია. მაგრამ ფორმას გააჩნია და როცა რაღაც, ასეთი ტიპის კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს.

მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, რომ როცა ასე რაღაცას ზერელედ, 3 წინადადებით ადგებ და ამას მოჰყვება აფეთქება და დედის ტრ**** გინება ყველა მხრიდან, მერე რამდენიც არ უნდა სცადო სხვადასხვა კომენტარში რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამით სერიოსული ზიანი მოადგა უკვე „გირჩს“. თორემ ზოგადად, არცერთ თემაზე არ ვარ მომხრე, რომ რაღაც თემებზე ლაპარაკისგან ვინმემ თავი შეიკავოს. არასწორი მგონია ეგ“.


აღნიშნულ საკითხზე დღეს კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა თავად იაგო ხვიჩიამ.

მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გაიხსენა მაგალითები, როცა, მისი აზრით „ყველაზე გამოსულმა ლიბერალურმა საზოგადოებამ საუმსახურებელი ტალახი ესროლა“. მისი თქმით, არც ერთ შემთხვევაში არავის უცდია, გაეგოთ, რა იგულისხმა ხვიჩიამ სინამდვილეში. ხვიჩიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი აზრით, ადამიანებს პორნოს ყურების გამო არ უნდა იჭერდნენ.

„ვთქვი, რომ ამის გამო დაჭერა არ მოსულა, არაფრის ნახვის და სხვისთვის ჩვენებისთვის არ მოსულა ადამიანის დაჭერა. კაი კაციაო კი არ მითქვამს, პორნოს ყურების გამო დაჭერა არ მოსულა-მეთქი. ამაზე ჩვენ სარჩელიც გვქონდა შეტანილი, ანი აროშიძის საქმეზე. ეგ სარჩელი ჯგერეს (ლევან ჯგერენაია, იურისტი) და ჩემი დაწერილია და იქ ზუსტად იგივე წერია რაც იმ სტატუსში რის გამოც პედოფილიაში მდებენ ბრალს. ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც ანის საქმის ერთ-ერთი სპონსორიც კი იყო“, – განაცხადა მან.

იაგო ხვიჩია სთხოვს მის „ნამდვილ მეგობრებს“ და მედიას, დაეხმარნონ, რომ მისკენ ნასროლი ტალახი მოიგერიოს.

„ყველა ამ ორკესტრირებულ კამპანიაში მინაწილეობს, როგორც წესი, ერთი და იგივე ხალხი, მათ შორის ჩემი ძველი მეგობრები. მე მინდა, ჩემ ნამდვილ მეგობრებს გთხოვოთ, ისე როგორც მედიას ვთხოვ იგივეს, დამეხმარეთ ამ ტალახის შხეფების მოგერიებაში და საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაში.

რაც შეეხება ჩემი მეგობრის და კარგი ადამიანის ტორესა მოსის კრიტიკას, ტორესას სტატუსის ერთ პასაჟს ნამდვილად ვეთანხმები და მგონია, რომ მართლა დროა, ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ, ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს.

ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს. არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეილება ეს ნორმალური იყოს?

აქვე ავღნიშნავ, რომ მე არ ვარ იდეალური ადამიანი, შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ გულს ვტკენ ადამიანებს, როგორც წესი ამას ვაღიარებ და ვცდილობ, მეორეჯერ არ დავუშვა. ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი. მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს“, – წერს ხვიჩია.