„პარტიის სახელი მოფიქრებული მაქვს“ - ელისო კილაძის თქმით, ის პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს

პუბლიკა

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი ელისო კილაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩართვას და პარტიის შექმნას განიხილავს. ამის შესახებ მან გამოცემა Cnews-თან ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, განიხილავს თუ არა პოლიტიკაში ჩართვას, ელისო კილაძე ამბობს, რომ ამაზე უკვე ყოველდღიურად მუშაობს. „რა თქმა უნდა, მიფიქრია და განვიხილავ. მეტიც – ჩემი ყოველი დღე არის ნაბიჯი ამ გზაზე“, – ამბობს კილაძე.

ასევე ელისო კილაძის თქმით, ის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას 2024 წლისთვის აპირებს, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც გადაწყვიტოს ჩართვა, დაჩქარების მიზეზი კი შესაძლოა, უკრაინაში რუსეთის ომი და მისი წარუმატებლობა გახდეს.

ელისო კილაძე არ აზუსტებს, ვის განიხილავს მის გუნდში, მაგრამ ამბობს, რომ იქნებიან „საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეებიც“.

„პარტიის სახელი მოფიქრებული მაქვს და თავის დროზე ვიტყვი. კონცეფციაც შევიმუშავე, მაგრამ ის, რომ ვიჯდე და დღე და ღამე ამაზე ვფიქრობდე, ასე არ არის. ეს გახლავთ ბუნებრივი პროცესი, რომელიც ლოგიკურად მივა თავის ფინალამდე“, – ამბობს ელისო კილაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile