პარტიზანული სკვერი „ანას ბაღის გადასარჩენად"

პუბლიკა

„პარტიზანი მებაღეები” და ადგილობრივი მოსახლეობა ვარკეთილში, „ანას ბაღის” მომიჯნავედ სკვერს აწყობენ.

„ორმაგი დატვირთვა აქვს ამ აქციას. ერთი არის ის, რომ მშენებლობას ვაფერხებთ, აქ თუ სკვერს ავაშენეთ, მერე სატვირთოები ვეღარ შევა ტერიტორიაზე და მეორე – ვანახებთ მერიას, რომ 3 000 ლარად კეთდება სკვერი ერთ ღამეში და გაცილებით მწვანე და ლამაზი, ვიდრე ისინი აკეთებენ ხოლმე” , – აცხადებს „პუბლიკასთან” საუბრისას „პატრიზანი მებაღე” ნატა ფერაძე.

ადგილზე შეკრებულები არიან „პარტიზანი მებაღეეები“, ადგილობრივები, „ანას ბაღის“ მხარდამჭერები და აქტივისტები.

„პუბლიკას“ ესაუბრა „ანას ბაღის“ დამცველი და ადგილობრივი აქტივისტი გიორგი ფხალაძე. ის ამბობს, რომ ეს იქნება პარტიზანული სკვერი, რომელსაც ერთ ღამეში მოაწყობენ.

„ჩვენი მთავარი სურვილი ოყო გვქონოდა მეტი მწვანე სივრცე, მეტი მოედანი და ვაპირებთ ახლა, ერთ ღამეში, პარტიზანულად მოვაწყოთ სკვერი.  ჩვენი მეგობრები მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, მაქსიმალურად მოვბილიზდით და შევასრულებთ ჩვენს გეგმას, “- ამბობს გიორგი ფხალაძე.


თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად 3 თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავდა. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის” საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება, შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.

12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშენებლობა უშუალოდ „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია.

„ანას ბაღის” დამცველი, აქტივისტი გიორგი  ფხალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასთან და მერიასთან, 40 წელზე მეტია გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის, ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის და იქ ისინი ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.

ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს ფხალაძე.