პარტნიორებმა რუსეთი SWIFT-იდან არ უნდა გააძევონ - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან არ უნდა გააძევონ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსხვილ ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც თავად ვიმყოფებით…

მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დააყენონ ამოცანა, რომ გაგვაგდონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამოც, შეზღუდვები იქნება” – ამბობს პუტინი.

SWIFT ეს არის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება, რომელიც ემსახურება ბანკებს შორის ფინანსურ ტრანზაქციებს.

„რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან,  უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას [რუსეთისთვის]  და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი” – წერს ტვიტერზე პრეზიდენტი ზელენსკი.