„პასუხი პუტინს!“ - შაბათს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება

პუბლიკა

„პასუხი პუტინს!“ – შაბათს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. როგორც Facebook-ღონისძიებაშია მითითებული, აქციის ორგანიზატორები პარტია „დროა“ და მოძრაობა „სირცხვილია“ არიან.

ორგანიზატორების თქმით, აქციაზე მიმსვლელებმა თან შესაბამისი ატრიბუტები – დროშები, სტიკერები და ბანერები უნდა იქონიონ.

„დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან.

პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აქტს ხელი მოაწერა.

საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია“, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისივე თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში.

პუტინის განცხადებით, მან დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები ამ რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარა. დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების თითქმის ორ მესამედს კი აქამდე ჯერ კიდევ უკრაინა აკონტროლებს.