„პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას" - მშვენიერაძე მელაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე

პუბლიკა

„შენ ხარ გამყიდველი, ფაქტებით დაგიდასტურდება და თუ არ ჩაჯდები, მაგასაც ვნახავთ… შენ უნდა გრცხვენოდეს ხალხში სიარული და სადაც წახვალ, ყველამ ასე უნდა გაგცეს პასუხი”, – ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში კარტოგრაფების საქმის ბრალდებულს ივერი მელაშვილს ასეთი შეძახილებით მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. მომხდარის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში სოფო სამუშიამ გაავრცელა.

ამ ინციდენტს „TV პირველთან” საუბრისას პროვოკაცია უწოდა ივერი მელაშვილმა.

„მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ პროვოკაციაა… ვიღაც-ვიღაცებმა რაღაც გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგი შეიძლება იყოს… რაიმე ისეთი არ მომხდარა, უბრალოდ მაკადრა რაღაც და ხმამაღლა მელაპარაკა და ეგ იყო. ეს ალბათ ერთ-ერთი მათგანი არის, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე”, – განაცხადა მელაშვილმა.

„პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას”, – მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ინციდენტს facebook-ზე ასე ეხმაურება:

„ივერი მელაშვილს, დღეს, ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ.

სიმბოლურია, რომ ბიძინას საყვარელი გაზეთი „ასავალ-დასავალი” დღეს სწორედ ამ ტიპის სლოგანით -„ქართველი მაგას ფეხქვეშ გაიგებს” – გამოვიდა. ასე იწყებოდა გასული საუკუნის 30-იანი წლები”, – წერს მშვენიერაძე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, თავდასხმას ყველა მოქალაქე უნდა გაემიჯნოს, რაც შეეხება წახალისებას, მისი თქმით, ეს არა „ქართული ოცნების” არამედ, წინა ხელისუფლების ხელწერაა.

„წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში „ქართული ოცნების” დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის და თუნდაც კითხვის დასმის საშულებასაც კი, რომ ვიღაცას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებულები.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.