პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, მე დამნაშავე ვარო - ფურცხვანიძის ადვოკატი

პუბლიკა

კომპანია „გრინსერვის+ის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმქ ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან უთხრა, რომ ყველაფერზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

მისივე თქმით, ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება, რადგან არ არის საკმარისი მტკიცებულებები.

„დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. მე ვარ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, მე დამნაშავე ვარო“, – განაცხადა ტარიელ კიკნაძემ, რომელიც „გრინსერვის+-ის“ 33%-ის წილსაც ფლობს.


სამმართველოში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის+ის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

LB loan image desktop LB loan image mobile