გახარია: ამ პატარა ბიჭებს ივანიშვილი ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ, მოყოლილი აქვთ, გადაწყვეტილება როგორ მიიღება

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ“.

გახარიას თქმით, მათ „დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება“.

„ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არის საკმარისი, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო.

ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვს ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით, ახლა ეს რა არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა”, – ამბობს გახარია.

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს და პირისპირ საუბარს. მისი თქმით, ის მზადაა პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟურნალისტთან და გადაცემაში ივანიშვილთან დებატები გაიმართოს.


პირველად, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში 11 იანვარს გამოიწვია.

გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილს სთავაზობს დებატებს თუნდაც იმ სასამართლოში, რომელსაც, მისივე თქმით, ივანიშვილი მართავს, ასევე – იმ მედიაპლატფორმებზე, რომლებიც, გახარიას განცხადებით, კონტროლდება ივანიშვილის მიერ.

შეთავაზებას 12 იანვარს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მან გახარიას ურჩია, რომ „დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურსა და ლილუაშვილს“.