თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, რომელსაც ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სასამართლოს თქმით, საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ბრალდებული, რომელიც მართავდა ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს და განახორციელა მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი, რა დროსაც დაეჯახა მოძრავ ავტომობილს.
„შეჯახების შედეგად მართვადაკარგული ,,BMW’’ გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე სადაც დაეჯახა ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის/მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.