8 წლის ბავშვზე დაჯახებაში ბრალდებულს ჯარიმა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უწყებამ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა.

„შეჯახების შედეგად დ.ჯ.-ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.