დღეს 19:00 საათზე ნიკა გვარამია პროკურატურაში ახალი ბრალდების წარსადგენად არის დაბარებული. გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის შეფასებით, პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წაყენებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გადაფარვას ცდილობს. მისივე თქმით, სამართლებრივად, პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.
„ბევრი მიზანი შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას. მაგალითად, ქვეყანაში მიმდინარე თემების გადაფარვა. სხვა მიზანი მთავარი არხის დამუხრუჭებაა. სამართლებრივად, პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ნიკა გვარამია რამდენჯერაც დაიბარეს, იმდენჯერ გამოცხადდა, არსად წასულა, მოწმეებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მაგრამ პროკურატურა ივანიშვილის მითითების შემსრულებელია და თუ იქნება ასეთი მითითება, შეიძლება, გააკეთონ კიდეც.“ – განუცხადა „მთავარ არხს“ დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ახალი ბრალდების წარდგენაზე დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნიკა გვარამიას ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს.