„პატრიოტთა ალიანსი“ ჩაგდებულ კანონპროექტს მცირედი ცვლილებით პარლამენტში ხელახლა შეიტანს

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის ირმა ინაშვილის თქმით, მისი პარტია ხვალ პარლამენტში შეიტანს იმავე კანონპროექტს მცირედი ტექნიკური ცვლილებით.

„მაგალითად, ბუნებრივი 0,67 ბარიერის ნაცვლად იქნება 0.7. ამის უფლება გვაქვს და შეუძლიათ, დაჩქარებულად მიიღონ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. ამავე ბრიფინგზე მან ისაუბრა საპროტესტო აქციების შესახებ და 17 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე პირველი აქცია დაანონსა.

„არც ერთ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვა სხვა პარტიების კანდიდატების გამარჯვება. ეს არის სრულიად ხილული და ნათელი გაყალბების გეგმა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში. მოსახლეობამ კარგად იცის და ესმის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება იყენებდა ხელისუფლების მისატაცებლად. „ქართული ოცნება“ 7 წელია, ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს და ეს კენჭისყრა ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია და ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. ამ ვითარებაში ჩვენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე, პირველი გაიმართება კვირას, 17 ნოემებრს, სასტუმრო „ივერიასთან“. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოვიდნენ და მშვიდად ჭკვიანურად ვიმოქმედოთ. მივმართავ სხვა პატიების მხარდამჭერებსაც, შემოგვიერთდნენ.

ასევე, ვამბობთ, რომ ჩვენ ხვალ პარლამენტში შევიტანთ იმავე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით. მაგალითად, ბუნებრივი 0,67 ბარიერის ნაცვლად იქნება 0.7. ამის უფლება გვაქვს და შეუძლიათ, დაჩქარებულად მიიღონ ეს კანონპროექტი“, –  განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile