„პატრიოტთა ალიანსი“ IRI-ის კვლევას არ ენდობა და საკუთარი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს

პუბლიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და მას უნდობლობა გამოუცხადა. ინაშვილმა ორგანიზაცია ტყუილში დაადანაშაულა და მისი პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

„თავად IRI ამბობს, რომ კვლევა ჩაატრა ივნის-ივლისში, არადა კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შედგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კვლევა ჩატარებული აქვთ აპრილ-მაისში. ვფიქრობთ, ზვერავდნენ, რას ვიტყოდით ჩვენ თუ ისინი მე-3 ძალად გამოგვაცხადებდნენ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა განაცხადა, რომ „სიმართლესა და რეალურ მონაცემებზე“ ილაპარაკებდა და მისი პარტიის მიერ წარმოებული კვლევის ნაწილის შედეგები წარმოადგინა.

„ხელში მიჭირავს 750 ათასი აუდიო ხმოვანი გამოკითხვა. დღეს წარმოვადგენთ მარტი-აპრილის აუდიოგამიკითხვის შედეგებს, საუბარია 189 533 აუდიოჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში;

იმისთვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ის ტყული და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაისი-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, შემდეგ 3 კვირაში ივლის-აგვისტოს. ამგვარად, ოქტომბრის შუა კვირაში 1 მილიონ 200 ათას აუდიოჩანაწერს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე ჩამოთვალა შეკითხვები, რომლებსაც რესპონდენტებს უსვამდნენ და მათი პასუხებიც გაასაჯაროვა. ბრიფინგზე ინაშვილს არ წარმოუდგენია კვლევის მეთოდოლოგია, სადაც განმარტებული იქნებოდა რესპოდენტთა შერჩევის პრინციპი და ცდომილების ზღვარი.

ირმა ინაშვილის თქმით, შეკითხვას – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას და/ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს? – მარტ-აპრილში მხოლოდ 30% პასუხობდა და ამ 30%-ში „პატრიოტთა ალიანსი” პირველ ადგილზე იყო.

„69.94% მარტ-აპრილში თავს არიდებდა ამ კითხვაზე პასუხს. რეალურად მაშინ ამ შეკითხვაზე პასუხობდა მხოლოდ 30%. ამ 30 პროცენტში პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ. მეორე ადგილზე იყო „ქართული ოცნება“ და მაშინ მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მეოთხეზე კი – დანარჩენი პარტიები“.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი ეროვნული მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი.