„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების გამოძიებაზე პროკურატურამ უარი თქვა - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენო ხოშტარია ამბობს, რომ  „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე პროკურატურიდან უარი მიიღო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ 25 აგვისტოს ანტიპუტინისტური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც ძალიან სარწმუნო ინფორმაცია აქვთ მოყვანილი პატრიოტთ ალიანსის პირდაპირი კავშირის შესახებ კრემლთან, კონკრეტული ფინანსური ცხრილების გამოყენებით, კონკრეტული ინსტრუქციების გამოქვეყნებით, ამის საფუძველზე მე მივმართე საქართველოს პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.

დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის  ფორმალური და აბსოლუტრად უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს, თითქოს ეს არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც უნდა გაერკვიონ სისწორეში და გამჭირვალეობაში ფინანსური საკითხების.

დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო, რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოებული პირები  აძლევენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე, პატრიოტთა ალიანსს. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის არამარტო ინსტურქცია, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისე კონკრეტულად ამ წინასაარჩევნო პერიოდში, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ჩვენ ვნახეთ ბათუმში, კონკრეტული პროვოკაციული, შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ეს ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების მცდელობაა, რომელიც წარმოადგენ პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებს პატრიოტთა ალიანსის მიმართ.

აქ სიახლე არც რუსული პროპაგანდაა, არც ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, და არც ის, რომ პატრიოთა ალიანსი პრო-რუსული, სახელმწიფოს მიმართ მტრული ძალაა. აქ საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მიმართავს უწყებებს, გამოიძიონ ეს საკითხი. მისი თქმით, საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას” ეკისრება.