PCR ტექნოლოგიის ტესტი, დღეის მონაცემებით, სულ 8 888 ადამიანს ჩაუტარდა - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ფეისბუქგვერდზე ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა პირდაპირი ეთერის მეშვეობით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე, მათ შორის, მოსახლეობის ტესტირებებზე ისაუბრეს.

გამყრელიძის განცხადებით, 22 აპრილის დილის მონაცემით, 8 375 შესაძლო შემთხვევა იყო აღრიცხული, რომელიც ე.წ. ოქროს სტანდარტით, ანუ PCR ტესტირებას საჭიროებდა. PCR, ანუ მოლეკულური ტექნოლოგიის ტესტი, დღეის მონაცემებით, სულ 8 888 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 416 აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული. გამყრელიძის თქმით, დღის განმავლობაში 5 შემთხვევა დადასტურდა და მათი კონტაქტები არსებული ინფიცირებული შემთხვევებიდანაა. გამოჯანმრთელებულია 107 ადამიანი და გარდაცვლილია 5.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ყველაზე დიდი ქობულეთისა და ბოლნისის კლასტერებია, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინტენსიურ ტესტირებას აწარმოებს. ცენტრის ხელმძღვანელის რწმუნებით, PCR ტექნოლოგიით ტესტირება საქართველოში სულ უფრო ფართოვდება.

„დღეს დილას ჩვენ გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 5 ლაბორატორიაში და აქედან 92% მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე: ლუგარზე, ბათუმსა და ქუთაისზე. ხვალიდან კიდევ 5 ლაბორატორია ემატება – 3 თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კვლევებში ჩართულია მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის, მაღალი რისკის მოსახლეობა, როგორიცაა შემთხვევების ახლო კონტაქტები, ასევე – ექიმები, პოლიციის თანამშრომლები.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მაღალი რისკის არეალებისკენ. შესაბამისად, გაძლიერებული ტესტირების რეჟიმში მუშაობს ლაბორატორია და იღებს საკვლევ სინჯებს ბოლნისის რაიონიდან. ბოლო 3 დღის განმავლობაში 500-მდე ნიმუშის ტესტირება დასრულებულია და გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობა უკავშირდება საოჯახო ტიპის ურთიერთობებს, ახლო კონტაქტებში შემთხვევების გამოვლენას და, საბედნიეროდ, გავრცელების რიცხვი არ არის საგანგაშო, მცირე რაოდენობაა. ჯანდაცვის სისტემა, ეპიდემიოლოგიური სამსახურები, ჯერჯერობით, უმკლავდებიან სიტუაციის მართვას და ამ რიცხვების მიღებას, ეპიდკვლევებსა და კონტაქტების გამოვლენას“, – განაცხადა ზახაშვილმა.