პედაგოგმა განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო

პუბლიკა

დირექტორთა კონკურსის მონაწილემ, მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. ის ამ წუთებში განათლების სამინისტროსთან იმყოფება და ფოიეში ადგილის გამოყოფაზე უწყების პასუხს უცდის.

„მოთხოვნების შესრულებამდე შიმშილს არ შევწყვეტ. ახლა ვუცდი სამინისტროსგან პასუხს ფოიეში ადგილის გამოყოფაზე“, – ამბობს მაია ეკალაძე.

მისი მოთხოვნებია:

  • დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა;
  • მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება იანვრიდან და არა ივლისიდან.

მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და ითხოვს მინისტრთან შეხვედრას.

ეკალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.

მინისტრთან შეხვედრას და დისკრეციით კანდიდატების დანიშვნას ეკალაძესთან ერთად სხვა კანდიდატებიც ითხოვენ. დავით ფერაძე ერთ-ერთი სერტიფიცირებული კანდიდატია. მას სერტიფიკატი მიენიჭა, თუმცა მის მიერ შერჩეულ არცერთ სკოლაში არ წარადგინეს.

გიორგი ამილახვარმა დირექტორთა კონკურსის მონაწილეებზე 30 ნოემბერს მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა და მას „ყბადაღებული თემა” უწოდა. ამილახვრის თქმით, მისი წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს შეხვდნენ და რომ „არავისთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს“.

„მე ნამდვილად მაქვს იმის ამბიცია, რომ დღეს განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი უწყებაა. მე ეს პირობა თავშივე დავდე და ვასრულებ, აბსოლუტურად ყველა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსაც ვხვდებით. არ ვიცი ადამიანი, ორგანიზაცია, ადამიანების ჯგუფი, ვისაც არ შევხვედრივართ.“ – თქვა გიორგი ამილახვარმა. 

მაია ეკალაძე უშუალოდ განათლების სამინისტროს შენობასთან პროტესტს 29 ნოემბრიდან მართავს.