სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ციხეში არასათანადო და ღირსების შემლახავი პირობების, ასევე ციხის თანამშრომლების მხრიდან მუქარის შესახებ.
სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ გუშინ, 20 აგვისტოს გაავრცელა წერილი, რომელშიც ციხეში არსებულ პირობებზე, სისტემურ წამებასა და პატიმრების მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრა. წერილში მან აღწერა გადატვირთული საკნები, სამედიცინო დახმარების პრობლემები და კარანტინში არსებული მძიმე სანიტარული პირობები.
მან ასევე თქვა, რომ როცა ვითარება გააპროტესტა, პასუხად მიიღო „ზერელე“ ტონი და მუქარა ტექსტით: „შენ ციხე არ გინახავს“.
პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძე „მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“.
უწყება ამტკიცებს, რომ როგორც „მე-8, ისე ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ შეუფერხებლად ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური სერვისებით“.
პენიტენციური სამსახური წერს, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალი. სამსახურს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი სამუშაოებს ატარებს დამატებით, არაგეგმურად.
პენიტენციური ამბობს, რომ „ნებისმიერ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო სერვისი მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ ან მონოპროფილურ კლინიკაში“.
უწყება ასევე ამბობს, რომ „ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილი“.
პენიტენციურის მტკიცებით, ასევე ტყუილია ინფორმაცია „ადმინისტრაციის არასათანადო მოპყრობის შესახებ“.
უწყება წერს, რომ „მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საშიშროების მომეტებული რისკი და განთავსებულია დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების უფლებებით“.