პენიტენციური: სიმართლეს არ არის, რომ მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, – განაცხადა მდინარაძემ.


მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურმა დაწესებულებამ თმის გადაპარსვა მოსთხოვა. მას ამის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დაემორჩილა მოთხოვნას. ამის შესახებ „პუბლიკას” ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა უთხრა:

„ძალით გადაპარსეს არა… ზოგადად ასე ხდება ხოლმე, მიუთითეს, რომ გადაეპარსა და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

ყოველ შემთხვევაში, სურვილი ჰქონდა, რომ არ გადაეპარსა…თუმცა რიგ შემთხვევებში ასე ხდება ხოლმე, როდესაც დაკავებული შეჰყავთ დაწესებულებაში”, – განაცხადა ადვოკატმა „პუბლიკასთან” საუბრისას.