პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი აქვს აღებული - ომბუდსმენის ანგარიში

პუბლიკა

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ახალი საპარლამენტო ანგარიშში შეფასებულია საქართველოში ხანდაზმულთა მდგომარეობაც. ომბუდსმენის შეფასებით, საბანკო დაწესებულებების მიერ ხანდაზმულ პირთა თვიური პენსიის 50%-ზე მეტის დაკავების შემთხვევები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს.

ანგარიშის მიხედვით, პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი აქვს აღებული, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა საპენსიო ანგარიშიდან იჭრება, რის გამოც, ბანკის მხრიდან ყოველთვიურად გასაცემი პენსიიდან 50%-ზე მეტი უკავდებათ.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ომბუდსმენის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მოქმედების ვადა 3 (სამი) წლით გაგრძელდა. შესაბამისად, ბენეფიციარებსა და ბანკს შორის მომდევნო სამი წლის განმავლობაში კვლავ არსებული პირობებით გაგრძელდება ხელშეკრულებების გაფორმება და სახელმწიფო ფულადი გასაცემლების მიმღებთა ინტერესების სასარგებლოდ საშეღავათო პირობები გათვალისწინებული არ იქნება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო პენსიის 50%- ზე მეტის დაკავება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები. საბანკო დაწესებულებებთან საპენსიო კრედიტების მიღების შემთხვევაში, ყოველთვიურად დასაკავებელი თანხის ოდენობა კი განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და პენსიონერს, როგორც ბანკის კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, რაზეც კანონმდებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება.

„საგულისხმოა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის დადებულია ხელშეკრულება „ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების უსასყიდლო საბანკო მომსახურების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც ფულადი გასაცემლებიდან თანხის დაკავების საკითხზე რაიმე სახის რეგულაცია და შეზღუდვა დადგენილი არ არის. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული 2019 წლის მონაცემებით, 60 წლის ზემოთ ასაკის ნიშნით პენსიას 762,621 პირი იღებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ასევე არ ხდება ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა. პრობლემურია ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში.