პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: პირადობების ჩამორთმევაზე რეაგირება სცდება ჩვენ კომპეტენციას

პუბლიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმაურება სხვადასხვა წყაროთი გასაჯაროებულ ინფორმაციას, საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე.

უწყება ამბობს, რომ„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს ამ მედიის სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა. „ბათუმელებმა“ 15 ოქტომბერს ინფორმირებული პირის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, პირადობების ჩამორთმევა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა და მასზე რეაგირება სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აქვს საზედამხედველო ფუნქცია – გააკონტროლოს საქართველოში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესრულება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულის შემცველ ქმედებებს შეისწავლიან და რეაგირებას ახდენენ სამართალდამცავი ორგანოები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევა, სავარაუდოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს, მასზე რეაგირება სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციას განეკუთვნება. ამასთანავე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ არც ერთი განცხადება და მომართვა, რომელიც სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით იქნა წარმოდგენილი, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისად, სამსახური მიმდინარე რეჟიმში სწავლობს აღნიშნულ პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების სავარაუდო დარღვევის არაერთ ფაქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.