პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთეთ – ნიჟარაძე

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მან, როგორც დირექტორმა, შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა. ამის შესახებ ნიჟარაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად,- ხომ არ „ფიქრობს პირადი პასუხისმგებლობის დაყენებას, ამ შემთხვევაში გადადგომის ნაწილში.“

„ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთეთ. მე რაც მევალებოდა, როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა პირველ რიგში არჩევნები, მგონია, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ. ორგანიზაციამ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა ამას თავი. კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჩავატარეთ აუდიტი, დავადგინეთ, რომ ხარვეზი გვქონდა და გადავწყვიტეთ, ეს საზოგადოებისთვის გაგვეცნო.

ამ კუთხით მივიჩნევ, რომ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისათვის, რომ, რაც სწორი იქნებოდა და რა სტანდარტიც აქვს ორგანიზაციას, ეს იყო მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ. მესმის, რომ საზოგადოებისთვის ძალიან არასასიამოვნო ინფორმაცია იყო, რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. 

მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობა 1.8%-ია.