პეტრო პოროშენკო, რომელსაც კიევში დაკავება ემუქრება, უკრაინაში დაბრუნდა

პუბლიკა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლის წინააღმდეგაც კიევში გამოძიება მიმდინარეობს და დაკავება ემუქრება, უკრაინაში დაბრუნდა. ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პოლონეთიდან კიევში დღეს ჩაფრინდა.

პოროშენკოს აეროპორტში დახვდნენ მხარდამჭერები, რომელთაც უკრიანის მეხუთე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის არ ეშინია.

პოროშენკოს თქმით, ის საპასპორტო კონტროლისას გააჩერეს, პასპორტი წაართვეს და უკრაინაში არ უშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით მაინც მისცეს საშულება უკრაინაში შესულიყო. პეტრო პოროშენკო დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიება განიხილება.

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დაიწყო. 2021 წლის მიწურულს, მაშინ, როცა ის პოლონეთში იმყოფებოდა, პოროშენკოს კიევში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი „ქვანახშირის საქმეზე“.

უკრაინის პროკურატურის მტკიცებით, პოროშენკო მონაწილეობდა პრორუსული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირით ვაჭრობაში. ამასთან, გამოძიების მტკიცებით, ის მხარდაჭერას უწევდა დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკებს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები კი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კიევის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებადაა გამოცხადებული.

უკრაინის პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ საქმეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-5-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით იძიებს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. ასევე 111-ე მუხლის პირველი ნაწილით – სახელმწიფო ღალატის მუხლით და 258-3-ე მუხლის პირველი ნაწილით – ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლით.

გამოძიების თანახმად, ნავაჭრი ქვანახშირის ღირებულება 1.5 მილიარდი ჰრივნა იყო, რაც დაახლოებით 53 მილიონი დოლარია. ასევე, გამოძიება ამტკიცებს, რომ პოროშენკომ წინასწარი შეთანხმებით მხარდაჭერა აღმოუჩინა ე. წ. სახალხო რესპუბლიკებს, მოლაპარაკებებში კი ჩართულები იყვნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და თავი აარიდა დაკითხვას. პოროშენკო კი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურია.

ვარშავაში ყოფნისას, მას შემდეგ, რაც ბრალი წაუყენეს, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში გამოძიებას არ გაექცეოდა და კიევში იანვარში დაბრუნდებოდა. მანამდე კი მის წინააღმდეგ წამოწყებული საქმის შესახებ ევროპელ პოლიტიკოსებთან გამართავდა შეხვედრებს.

6 იანვარს კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრო პოროშენკოს უძრავი ქონება და ბიზნესაქტივები დააყადაღეს. თუმცა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მისი ყველაზე დიდი ბიზნესკომპანიები პოროშენკომ მანამდე თავის უფრო შვილს გადაუფორმა, მათ შორისაა, „როშენის“ კორპორაციაც.