კომპანიები Pfizer და BioNTech, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ გამოცდის მე-3 ფაზის შედეგებით ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.
BBC-ის ცნობით, ვაქცინის გამოყენებისას არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი და იგი 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს 94%-ით იცავს.
კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ვაქცინა ყველა ეთნიკურ და ასაკობრივ ჯგუფზე ერთნაირად მოქმედებს. კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ, რომ აშშ-ში ავტორიზაციისთვის მარეგულირებელს „რამდენიმე დღეში“ მიმართონ. მათივე პროგნოზით, „თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ვაქცინის მიწოდებას დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ“.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი კომპანიის – Moderna-ს ვაქცინის დამაიმედებელი პირველადი შედეგები. BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის COVID-19-ის ვაქცინამ პირველადი შედეგებით თითქმის 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.