95%-იანი დაცვა – კიდევ ერთი ვაქცინის დამაიმედებელი პირველადი შედეგი

პუბლიკა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის წარმატებული პირველადი შედეგების შემდეგ ცნობილი ხდება კიდევ ერთი კომპანიის – Moderna-ს ვაქცინის დამაიმედებელი პირველადი შედეგები.

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის COVID-19-ის ვაქცინამ პირველადი შედეგებით თითქმის 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

Moderna აცხადებს, რომ „ეს დიდებული დღეა“ და გეგმავს, მომდევნო კვირებში განაცხადი შეიტანოს ვაქცინის გამოყენების ნებართვის შესახებ. თუმცა როგორც BBC წერს, ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და საკვანძო კითხვა პასუხგაუცემელია.

მაგალითად, ამ დრომდე არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს შეძენილი იმუნიტეტი. ასევე, უცნობია, ვაქცინა იცავს ადამიანს მძიმედ დასნეულებისგან თუ ამასთანავე ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ტესტირებაში ჩართულია 30 ათასი ადამიანი. მათგან ნახევარს 4 კვირის ინტერვალით ვაქცინის ორი დოზა ეძლევა, დანარჩენებს კი პლაცებო ინექცია უკეთდებათ. BBC-ის მიხედვით, ინფიცირების შემთხვევებიდან მხოლოდ 5 იყო ისეთი, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული; 90 ინფიცირებულ ადამიანს კი პლაცებო ჰქონდა მიღებული. კომპანიის განმარტებით, ვაქცინა 94,5%-ით იცავს ორგანიზმს.

სად შევძლებთ ვაქცინის მიღებას? 

როგორ BBC წერს, ეს დამოკიდებულია, თუ სად ცხოვრობ და რამდენი წლისა ხარ.

Moderna აცხადებს, რომ მომდევნო კვირებში აშშ-ის მარეგულირებელს მიმართავენ და მათი გათვლით, აშშ-ში 20 მილიონი დოზა ხელმისაწვდომი იქნება. კომპანია იმედოვნებს, რომ დოზას მილიარდამდე გაზრდიან და მომავალი წლიდან სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ ნებართვის მიღებასა და ვაქცინის გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ Moderna-ს ვაქცინის შენახვა უფრო მარტივია, ვიდრე Pfizer-ის. მაგალითად, თუ Moderna-ს  ვაქცინა -20 გრადუსზე შეიძლება შეინახოს, Pfizer-ის ვაქცინა -75 გრადუსს საჭიროებს.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შუალედური ანალიზის შედეგებმა ექსპერტთა მოლოდინს გადააჭარბა. მწარმოებელი კომპანიების განცხადებით, პირველმა შუალედურმა შედეგმა აჩვენა, რომ საცდელი ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია.