ბერიკაობა 2024 | ფოტორეპორტაჟი დიდი ჩაილურიდან, სადაც გაზაფხული ბერიკებს მოჰყავთ

ბერიკაობა 2024 | ფოტორეპორტაჟი დიდი ჩაილურიდან, სადაც გაზაფხული ბერიკებს მოჰყავთ

მინდია გაბაძე

წელიწადში ერთხელ, ე.წ. ყველიერის კვირის ბოლო დღეს კახეთის ერთ-ერთ სოფელში, დიდ ჩაილურში მოსახლეობას ბერიკების ყიჟინი აღვიძებს. ეს დღეობა წელს 17 მარტს დაემთხვა.

საიდან მოდის ბერიკაობის წარმოშობის ისტორია, ზუსტად არავინ იცის.  იგი სხვადასხვა ფორმით საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი, თუმცა დიდი ჩაილურის მოსახლეობა, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს, ამ ტრადიციას გაზაფხულის მოსვლას უკავშირებს. სწორედ ბერიკები არიან ისინი, ვის ხმაურსა და  ჟრიამულსაც გაზაფხული მოჰყავს.

ადგილობრივების თქმით, წინათ ეს ტრადიცია წარმართულადაც მიიჩნეოდა, თუმცა ახლა მას სახალხო ზეიმის სახე აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბერიკაობას 2013 წლიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

დილით ბერიკები ნოდარ როსტიაშვილის სახლში შეიკრიბნენ, სადაც ფორმების ჩაცმა ან, როგორც ისინი ეძახიან, ფორმებში „ჩასხდომა“ დაიწყეს. ნოდარ როსტიაშვილი ერთ-ერთი უფროსი ადგილობრივია, რომელიც ბერიკას ფორმას დიდი ხნის განმავლობაში თავადვე ირგებდა. მისი მამაც და პაპაც წლების წინ ამ დღეობის ერთ-ერთი პირველი მთავარი გმირები იყვნენ.

ნოდარ როსტიაშვილი თითებზე ითვლის იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლიდან ბერიკის ფორმას ირგებს.ამ სახლში შეკრებილებმა პატარა სუფრა გაშალეს, სადაც დალოცეს მთელი სოფელი და ამ დღეობის მონაწილეები. იქვე შეადგინეს მთელი დღის განრიგი – როდის სად უნდა მისულიყვნენ და სად უნდა გაჩერებულიყვნენ. მათი მთავარი მიზანია, ახარონ სოფლის მცხოვრებლებს გაზაფხულის მოსვლა.

ეს დღე განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ. მათ ადგილობრივები მოფერებით ბერიკოებს ეძახიან.

ახლობლები ბერიკებს ფორმის გასწორებასა და მოწესრიგებაში ეხმარებიან. ბოლო წლებში ამ დღეობას საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩასული სტუმრების გარდა, უცხოელი ტურისტებიც უერთდებიან. 17 მარტს დიდ ჩაილურს არაერთი უცხოელი ეწვია. ისინი არამც თუ უყურებდნენ ღონისძიებას, არამედ თავად მოირგეს თავიანთი ხელით დამზადებული ნიღბები.

ბერიკები მსვლელობას დილიდანვე იწყებენ. ისინი სოფლის მთავარ გზას მიუყვებიან. მოსახლეობა ოჯახებით სახლის ჭიშკართან ხვდება მათ და შემოწირულებას, სურსათ-სანოვაგეს გადასცემენ. ბერიკები მადლობას ეუბნებიან და სანაცვლოდ ხელებსა და სახეზე ტალახს უსვამენ. მათ, სიმბოლურად, ხელში უჭირავთ მათრახებიც, რომლებსაც ზოგჯერ დოვლათის მოსათხოვად ახმაურებენ. ისინი წინ უდგებიან მანქანებსაც, რომლებსაც სარგებლის მიღების შემდეგ ისევ აძლევენ გზას.

ბერიკების ფორმებში სოფლის ბიჭები „სხდებიან“. თუმცა წელს ყურადღება ერთ-ერთმა სტუმარმა გოგომ მიიქცია, რომელიც დღეობას უცხოელ მეგობრებთან ერთად ესწრებოდა. არაერთმა ადგილობრივმა, რომლებიც დღეობას უკვე ათწლეულებია ესწრებიან, აღნიშნა, რომ გოგო ბერიკა აქამდე არ უნახავთ. სოფელში მცხოვრები ქალები ამბობდნენ, რომ მის მაგალითზე მომავალში შესაძლოა, თავადაც მიიღონ მონაწილეობა.
11 წლის მათე ერთ-ერთი ბერიკა იყო. ის მანქანას მიჰყვებოდა, რომლითაც ბერიკები მთელი გზის განმავლობაში შემოწირულებას აგროვებდნენ.

ნიკა საგინაშვილი (ფოტოზე მარცხნივ) ოჯახთან ერთად ელოდება ბერიკების სტუმრობას. ისიც ბერიკის ფორმით იყო ნახევარი საათის წინ, თუმცა ბერიკების მასპინძლობა ოჯახთან ერთად გადაწყვიტა და ფორმიდან მალევე „ამოვიდა“. ბერიკები არაერთმა ოჯახმა შეიპატიჟა სახლში გაშლილ სუფრაზე, სადაც ერთმანეთს მიულოცეს და დალოცეს ბერიკაობა.
ძირითად შემთხვევაში ხალხი მიჩვეულია და ბერიკებს თავადვე უშვერენ სახეს ტალახის წასასმელად. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უშედეგოდ, თუმცა მაინც უწევენ წინააღმდეგობას.
ბერიკები გზად რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთანაც შეჩერდნენ.

დღის ბოლოს ბერიკები ყიჟინითვე შეცვივდნენ სოფლის მოედანზე გაშლილ საჭიდაო ტატამიზე, რომლის გარშემოც ხალხი იყო შეკრებილი. ისინი ჭიდაობის დაწყებამდე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. შემდეგ მალევე „ამოვიდნენ“ ბერიკების ფორმებიდან და ხალხს შეუერთდნენ.