ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.
ერთ-ერთი ასეთია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარავანი, რომლის მცხოვრებლებისთვის შეკრების ერთადერთი ადგილი ადგილობრივი მასწავლებლის, მანუშაკ მკრტჩიანის მიერ გახსნილი სათემო ცენტრია. ცენტრი გაიხსნა ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გაასუფთავა, რათა ალტერნატიული განათლებისა თუ სოციალიზაციის სივრცე შექმნილიყო.
სოფელ ფარავნის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ სოფლის მცხოვრებლებმა არ იციან ქართული ენა და ამ კუთხით ისინი დანარჩენი ქართული საზოგადოებისგან მკაფიოდ იზოლირებულნი არიან. ეს სისტემური პრობლემაა, რადგან ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა მონოეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში ბინადრობს და არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულყოფილად ენის დაუფლებისა. ხოლო ეს ცენტრი სოფელ ფარავნის ახალ თაობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
„სკოლა არის, მაგრამ ავარიულია. შარშან მარტიდან მეორე ცვლაში ვმუშაობთ და ახლა ისევ დავიწყეთ ხის შენობაში, რადგან ქვის შენობა ავარიულია და გადმოვედით უფრო ძველ შენობაში. სამი კლასია, სადაც უკვე ვსწავლობთ, სამ ცვლაში. დილით ვიწყებთ ცხრის ნახევარზე და ვამთავრებთ რვა საათზე, რაც ხელს უშლის ბავშვებს სწავლის პროცესში. ყველაზე რთულია, როცა ბავშვები მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილზე უკვე იღლებიან და შემიძლია ვთქვა, რომ მაგ ორი გაკვეთილის დროს არც კი სწავლობენ, სახლში წასვლაზე ფიქრობენ“, – მანუშაკის თქმით, სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ არც ადეკვატური გათბობის სისტემა, ხოლო სოფელ ფარავანისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ეს მათთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
გარდა ინფრასტრუქტურულად გაუმართავი სკოლისა, სოფელ ფარავანში საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი, არადა იგი სკოლამდელი განათლების ნაწილში საკვანძო როლს ასრულებს.
ამის გამო, მაგალითად მანუშაკს შვილი გვერდით სოფელში თავად დაჰყავდა, თუმცა ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს და ბავშები სკოლამდელი განათლების გარეშე რჩებიან.
ასევე, სოფლის შრომაში ჩაბმული ადამიანებისთვის საბავშვო ბაღს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს: ვინაიდან წელიწადის უმეტეს დროს კაცების უმეტესობა შრომით მიგრაციაშია, მთელი პასუხისმგებლობა ქალებზე გადადის, ხოლო ბაღის არარსებობა მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ართულებს.
გარდა განათლების მიღების გაძნელებისა, სოფელში სხვა ბევრი პრობლემაც აქვთ. ფარავნის ერთ-ერთი მკვიდრი გვიყვება, რომ სოფელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარჩენის დიდი სურვილიც აქვთ, მაგრამ არ არის შესაბამისი პირობები. რიგ შემთხვევებში გარკვეული სერვისების მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივებს ქალაქ ნინოწმინდაში ან ფოკაში უწევთ სიარული. ხოლო მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში, ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სოფელში მისვლას 40-45 წუთს ანდომებს. ასევე, სოფელი არ არის გაზიფიცირებული, ხოლო ელექტროენერგია ხან აქვთ, ხან არა.