სასტუმრო „ბახტრიონი“ წყალსადენის ქუჩაზე მდებარეობს, მეტრო სარაჯიშვილიდან თითქმის ორ კილომეტრში. ამიტომაც ამ გზას სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება.
სასტუმროს მშენებლობა გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მშენებლობის უდიდესი ნაწილი დასრულდა კიდეც, თუმცა მისი საბოლოო დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან საბჭოთა კავშირი დაინგრა და აღარავის ეცალა მისთვის. შენობა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ერთი შეხედვით, ის მართლაც მშვენიერი და წყნარი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სტუმრის მისაღებად, თუმცა არა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის. ამაზე შენობა გათვლილი არ არის. 28 წლის წინ აქ პირველად შესახლდნენ დევნილები. ზოგს გაუმართლა და დასრულებული „სახლი“ შეხვდა, ზოგს კი საკუთარი ხარჯებით მოუხდა მისი დასრულება. ზოგს სულ 12 კვადრატული მეტრი ერგო, „იღბლიანებს“ კი – აივნიანი „ბინა’’ – ესეც დამატებით 2 კვადრატული მეტრი.
2010 წლიდან „ბახტრიონში“ მცხოვრები დევნილებისთვის „ბინების“ საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. ამ ამბის შესახებ მათ სასტუმროში მისულმა იმდროინდელმა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა აცნობა. როგორც ჩანს, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ 12 კვადრატული მეტრი ღირსეულ საცხოვრისად შეიძლება ჩაითვალოს.
400-მდე ოჯახი ქალაქიდან სრულიად მოწყვეტილ გარემოში ცხოვრობს. განსაკუთრებით მწვავედ ეს ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის პერიოდში გამოჩნდა, როცა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება აიკრძალა. მხოლოდ ფიზიკურად ყველაზე ძლიერს შეეძლო, გაევლო მინიმუმ კილომეტრი და უახლოეს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტამდე მიეღწია.
სასტუმრო „ბახტრიონი’’ კარგი მაგალითია სახელმწიფოსა და საზოგადოების დევნილებისადმი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ. ერთი მხრივ, სახელმწიფო უკანონებს მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს და ნებას რთავს კანონიერად იცხოვრონ, თუმცა, მეორე მხრივ, იგი გამოუსედეგარია გრძელვადიანი ცხოვრებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დევნილების არსებობის აღიარების მიუხედავად, სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი ქალაქის სრულფასოვან წევრებად აქციოს. ერთი მხრივ, დევნილები ჩვენი ერთიანი და მტკიცედ შეკრული საზოგადოების წევრები არიან, თუმცა მაინც – ისინი, „ჩამოსულები“, საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებით, „ცოტათი“ გვერდით დგანან.