ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საცხოვრებლად საფრთხის შემცველი და დანგრევის პირას არსებული ქონების კომპენსაციის მოთხოვნით მარტიდან უწყვეტ პროტესტს მიმართავს. ერთ თვეზე მეტია, მათ შიმშილობაც დაიწყეს და რამდენიმე მათგანს პირიც აქვს ამოკერილი.
„მთის ამბებისა“ და „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების შედეგად ირკვევა, რომ 38 ოჯახიდან, რომელიც პროტესტს მიმართავს, 19-ს არაფერი არ მიუღია, 9 ოჯახს ავანსის სახით ან მიწის კომპენსაციის თანხა აქვს მიღებული (თანხა მერყეობს 7 000-დან 20 000 ლარამდე).
10 ოჯახია ისეთი, რომელსაც შედარებით მსხვილი თანხა აქვს აღებული (80 000-148 000 ლარამდე).
„პუბლიკასთან“ საუბრისას შუქრუთელი ქალები ამბობენ, რომ ოჯახური პირობების გამო კომპანიისგან ან მიზერული თანხა აიღეს ან საერთოდ არ აუღიათ.