სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთი გუშინ, 20 აპრილს, აღდგომა დღეს გაიმართა. თამაშის დროს სოფელი, როგორც წესი, ორ მხარედ – ზემოურებად და ქვემოურებად – გაიყო.
წლევანდელი თამაში ხანგრძლივი აღმოჩნდა – ის სამ საათს გაგრძელდა და წინა წლის მსგავსად, ზემოურების გამარჯვებით დამთავრდა.
ტრადიციისამებრ ლელოს ბურთი ტყავისგან იკერება, ნახერხითა და მიწით ივსება და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალადასტურით იჟღინთება. ის, როგორც წესი, 16 კილოგრამს იწონის. ბურთს თამაშის წინ სოფლის ეკლესიაში აკურთხებენ. შემდეგ ის ეკლესიის წინამძღვარს სოფლის შუაგულში გამოაქვს, ჰაერში აგდებს, ხოლო თანმხლები პირი თოფს ისვრის, რაც ლელობურთის დაწყების მაუწყებელია.
ლელობურთს მხოლოდ ერთი წესი აქვს – თამაშისას თუ ვინმე წაიქცევა ან შეუძლოდ გახდება, მოთამაშეები ხელებს ზევით წევენ და მიწოლას წამით აჩერებენ. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმებიც.
სათამაშო არეალი ცენტრიდან ორივე მხარეს 400-400 მეტრით განისაზღვრება, სადაც ღელეები ჩამოედინება. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ბურთს ღელის იქეთ გადაიტანს. გამარჯვებულს კი ბურთი სასაფლაოზე მიაქვს.