ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. Reginfo-ს ცნობით, აქციაში დაახლოებით 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ყაზბეგი, რუსთავი, პანკისი, სვანეთი, გურია, ტყიბული, თბილისი – ჰესის წინააღმდეგ აქციას მოსახლეობა საქართველოს ფაქტობრივად ყველა კუთხიდან შეუერთდა.
როგორც დაანონსებულია, აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს ადგილზე გაათევს. ადგილობრივი აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღესვე შეიქმნება ჯგუფები და ისინი ხვალ სოფელ ნამოხვანში [ჰესის საპროექტო ტერიტორია] წავლენ და თუკი კომპანია სამუშაოებს გააგრძელებს, გააპროტესტებენ მას.
რაც შეეხება მოთხოვნებს, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი ისინი არ შესრულდება, მომდევნო აქცია თბილისში გაიმართება.
დღეს გამართულ აქციაზე, ჰესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დაემატა;
აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მათი მოთხოვნები დღეს რამდენჯერმე გაიმეორა:
- „გაუქმდეს განკარგულება, რის საფუძველზეც, კომპანია „ენკას” საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა.
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
- გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა”;