ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ეხმაურება აქტივისტისა და უფლებადამცველის, თათია დათაშვილის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი ენის გამოყენებას, მისი აქტივიზმისა და საქმიანობის გამო.
თათია დათაშვილმა და მისმა მეგობარმა გუშინ, 25 დეკემბერს თქვეს, რომ „ფეისბუქზე“ მომხმარებელმა მარინა კირთაძემ მათ შეურაცხყოფა მიაყენა – ერთხელ, როცა მათი პარლამენტის წინ გადაღებული ფოტო გადააზიარა, შემდეგ კი თათია დათაშვილს ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, აგინა და დაემუქრა. დათაშვილმა გამოაქვეყნა ის ხმოვანი შეტყობინებებიც, რომელიც მიიღო.
თათია დათაშვილი შშმ პირების უფლებებს იცავს.
PHR-ის განცხადებით, დათაშვილმა უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებება, მისი საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირების გამო მიიღო.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „კერძო პირების მხრიდან აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმა წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან, რაც გამომდინარეობს მსგავსი ქმედების დაუსჯელობის ტენდენციასა და სიძულვილის წამახალისებელი პოლიტიკიდან”.
„ასევე, სახელმწიფო პოლიტიკა, ერთმნიშვნელოვნად, არაა ორიენტირებული ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაზე”.- აცხადებს ორგანიზაცია.
PHR აცხადებს, რომ თათია დათაშვილის შეურაცხყოფისა და მუქარის შემთხვევაზე შსს-ს მიმართეს და სწრაფი და ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვეს.
„პუბლიკამ” დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.