პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეხმაურება 7 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო ერთიანდება სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოსთან და მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან.
PHR-ის შეფასებით, ეს ცვლილება დააზიანებს თითოეული ბავშვის უფლებას, მიიღოს ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება.
PHR-მა, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ, კითხვებით ოფიციალურად მიმართა განათლების სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- რა გახდა ინკლუზიური განვითარების სააგენტოს გაუქმების საფუძველი;
- წინასწარ შეფასდა თუ არა გადაწყვეტილების გავლენა შშმ ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე, მათ შორის ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღების უფლებაზე;
- გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარა თუ არა სამინისტრომ საჯარო კონსულტაციები საკითხზე მომუშავე ექსპერტებსა და სპეციალისტებთან;
- იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლები და სპეცპედაგოგები/ასისტენტები;
- ვინ იქნება პასუხისმგებელი ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაზე, ზედამხედველობასა და კოორდინაციაზე.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმება ან მისი უფლებამოსილების შემცირება იქნება მკვეთრად დამაზიანებელი უკუსვლა ინკლუზიური განათლების სფეროში და მნიშვნელოვნად შეაფერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებს.