პიკი მოსალოდნელია სექტემბერში და ეს სისტემას შეგვინარჩუნებს - ზოიძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტმა და უმრავლესობის ყოფილმა წევრმა აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფაზებზე ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი გვექნება მაქსიმალურად დამრეცი და არა ციცაბო. არ იქნება 3000 ან 4000 ინფიცირებული ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის.

„საბაჟომ, ეპიდემიოლოგებმა, პოლიციამ –  ყველა იმ სტრუქტურამ, რომლებიც იმპორტირებული შემთხვევების შეკავებაში იყვნენ ჩართული, თავიანთი როლი შეასრულეს და ორი-სამი კვირიდან ერთ თვემდე მოიგეს.

პირდაპირ გეტყვით, გერმანიასაც ვაჯობეთ, იტალიასაც, საფრანგეთსაც იმით, რომ მოვიგეთ ეს დრო. ახლა ამ მოგებული დროის რაციონალურად გამოყენებაა საჭირო“.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პიკის მიღწევის მაქსიმალურად გადაწევა.

„ორი თემა გვაქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ერთი პიკის მიღწევის მაქსიმალურად გადაწევაა. ორი მოდელია და ოთხი სცენარია – საიდანაც გამოდის, რომ, თუ წარუმატებელი იყო ის ზომები, რომლებიც მივიღეთ ვირუსის შენელების კუთხით – თვითიზოლაციის, კარანტინის, მაშინ პიკი გვექნება ერთი თვის განმავლობაში და ეს პიკი წალეკავს სისტემას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ, რომ ადამიანები ქუჩაში ნაკლებად დადიან. 30%-ით მოსახლეობის მთლიანი კონტაქტების შემცირება პიკურ კვირაში სამჯერ ამცირებს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას და მათ შორის, რა თქმა უნდა, რეანიმაცია და სუნთქვითი აპარატი, ვისაც დასჭირდება იმის რაოდენობასაც.

მე მგონია, რომ ჩვენ პიკი გვექნება მაქსიმალურად დამრეცი და არა ციცაბო. არ იქნება 3000 და 4000 ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის იქნება ეს პიკი, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს პერსონალის მობილიზაციის გეგმაზე.

„(გეგმაში წერია) სახელობითად (ვინ ვინ არის, რამდენი გვყავს) ინტენსიური განყოფილების სპეციალისტი, ექთანი, რეანიამციის ექთნები/ როგორ იქნებიან. არჩეულ იქნა ტაქტიკა, რომელიც ავსტრიამ აირჩია 14 დღიანი ბრიგადები, 14 დღე ერთი ბრიგადა იმუშავებს, 14 დღე მეორე ბრიგადა. ჩვენ ნაკადების კონცენტრირებას გერმანიისგან განსხვავებით ვახდენთ ცალკეულ საავადმყოფოებში და ეს გვიადვილებს იმას, რომ მაღალი კლასის რეანიმატოლოგებს შეეძლებათ ამ შემთხვევების მართვა.

ამ ბერკეტების კომბინაციით შენელდება გავრცელება. თვითიზოლაცია კარანტინი უმკაცრესად უნდა გაგრძელდეს, რომ ჩვენ ნაკადები არ შემოგვემატოს. პერსონალის უაღრესი მობილიზება, პერსონალის გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ შემთხვევები რომელთა მართვაც შესაძლებელი იქნება, ბინაზე დარჩნენ სახლში, ისარგებლონ ოჯახის ექიმის სერვისით და არ გადატვირთონ კლინიკები.

„იტალიაში, ჩინეთში მოხდა ზუსტად ეს. შეშინებული ხალხი მიაწყდა საავადმყოფოებს და დიდი ნაწილი დაავადდა ამ რიგებში, იმიტომ რომ ახლო-ახლო კორიდორებში მოხდა ადამიანების დიდი ხნით გაჩერება და იდეალური პირობები შეიქმნა ვირუსის გავრცელებისთვის“, – ამბობს აკაკი ზოიძე და აცხადებს, რომ მთავრობა მუშაობს, რომ ადამიანებმა  112-ზე დარეკონ და ამ ნომერზე დარეკვით ჩივილებით პაციენტს გადაამისამართებენ ოჯახის ექიმთან.

112-ზე მიერთებაზე მუშაობს ეს სამსახური, რომელიც გადამისმართებს ოჯახის ექიმთან. თუ ამ სისტემას ააწყობს მთავრობა, მაშინ ვიტყოდი, რომ თავი გაართვეს ამ სისტემას. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მთავრობას ურჩევდა, რომ სწრაფი ტესტები, როგორც ერთ-ერთ რისკჯგუფს, სასულიერო პირებს ჩაუტაროს.

„მთავრობას ვურჩევდი, რომ ერთ-ერთ პირველი რისკჯგუფი ეს სასულიერო პირები და ეკლესიების მოძღვრები არიან რომლებსაც დიდი რაოდენობის ხალხთან უხდებათ ურთიერთობა, რომ არ გახდნენ უნებლიეთ ინფექციის გავრცელების წყარო. რაც შეეხება კოვზს, ასევე ბიბლიაში მე არ შემხვედრია, რომ კოვზი იყოს აუცილებელი ატრიბუტი. დაბეჯითებით მოვუწოდებ მრევლს, დაიცავით ის წესები, რომლებსაც ჯანმთელობის სპეციალისტები გირჩევენ, ეს გადარჩენს თქვენს მოყვასს“.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.