პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების საქმეზე 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

მათივე ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა.

საქმე #1 

საგამოძიებოს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ბ.ტ. 2023 წლის 14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე #2

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ხ.-მ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 23 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ლ.ხ. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე #3

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე მხილებული იქნა 1974 წელს დაბადებული გ.ქ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ქ.-მ, 2020 წლის სექტემბერში, სხვა პირისადმი მესაკუთრეობითი დამოკიდებულების მოტივით, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და მოახდინა მიმოწერის ამსახველი ფოტოების, ე.წ. „სქრინშოთების“ გადაღება. მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, გ.ქ. კუთვნილ მობილურ ტელეფონში მათ უკანონოდ ინახავდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი მიმოწერის საიდუმლოება.

გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე #4

მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი -გარდაბანის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.