პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების ბრალდებით კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი მუქარისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – წერია უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას ითვალისწინებს, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.