პირადი შეხვედრა ეს ვერ იქნებოდა, რადგან ასეთი შეხვედრა იმართება მეგობრებს შორის -კობახიძე

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადება შეაფასა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ.

მისი თქმით, ეს ვერ იქნებოდა პირადი შეხვედრა, რადგან ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის მეგობრობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„მე ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა, პირადი შეხვედრა იმართება მეგობრებს შორის და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი, ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ – აქედან გამომდინარე, სრული უფლება არსებობდა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი.

აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, ასევე ენჯეოების განცხადებაზე და ა.შ.“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ელჩს უნდა გამოეხატა თავისი პოზიცია მაშინაც, როდესაც მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და, ასევე, მაშინაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე იყო საუბარი.


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.

ინტერვიუში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.