პირბადის გამოყენება გარე და შიდა სივრცეში მკაცრად რეკომენდებულია - გაბუნია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების აღსრულება და პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული შემზღუდავი ღონისძიებები აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე. ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით.

პირბადე არის, რა თქმა უნდა, დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ყველა მოქალაქესთან ჯანდაცვის სექტორს რეკომენდაცია აქვს იმგვარი, რომ პირბადის გამოყენება, როგორც გარე ისე შიდა სივრცეში, არის მკაცრად რეკომენდებული და ეს იქნება ერთადერთი გზა“, – ამბობს თამარ გაბუნია.