დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 76 ხმით მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პირბადის წესის დარღვევაზე ჯარიმას განსაზღვრავს. პროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტით განისაზღვრა:
► დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით;
► პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით;
► პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით;
► პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით;
კანონპროექტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.