მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციებით, მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი გახდა და მის გარეშე მგზავრებს ტრანსპორტში არ უშვებენ. ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმის განსაზღვრის კანონპროექტზეც დაიწყო მუშაობა.
ასევე, როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 27 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ღია ფანჯრებით მგზავრობა ტრანსპორტის ვენტილაციისთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნებოდა. ამავე ბრიფინგზე, კალაძემ აღნიშნა, რომ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო კონდიციონერი ჩართული. „ღია ფანჯრებით მაქსიმალურად უნდა ნიავდებოდეს ჰაერი“, – აღნიშნა მან.
ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ უკონდიციონერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა გაუსაძლისი იქნება და დიდ დისკომფორტს შექმნის, მაშინ, როდესაც ზაფხულში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა.
„პუბლიკა“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ვირუსის გადადების პრევენციისთვის ამოსავალი წერტილია ღია ფანჯრები და ტრანსპორტში ჰაერის განიავება.
მისი თქმით, კონდიცირების შემთხვევაში სივრცის განიავება მაინც აუცილებელი იქნება, ვინაიდან პატარა სივრცეში ვირუსის გადაცემის რისკი მაღალია და ამის პრევენციისთვის ხშირი განიავებაა საჭირო.
„ყოველ შემთხვავაში, თუ ეს ვერსია [ჩართული კონდიციონერი და ღია ფანჯრები] იქნება, მაშინ ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, ივლისსა და აგვისტოში, როცა თითქმის 40 გრადუსამდე აღწევს სიცხე, კონდიცირების გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება. რა თქმა უნდა, რისკიც არსებობს, რომ ტრანსპორტში ადამიანები გადახურდნენ და ცუდად გახდნენ“, – განმარტა ბუწაშვილმა.
როგორც ინფექციონისტი „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა დისტანცირების რეკომენდაციის გაცემა ტრანსპორტისთვის.
„ტრანსპორტის რაოდენობა მკვეთრად უნდა გაზრდილიყო. ავტობუსების ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს, რომ დიდ სივრცეში მეჩხერად ყოფილყვნენ ადამიანები. ასეთ შემთხვევაში კონდიცირება იქნებოდა შესაძლებელი, რადგან თუ დისტანცია დაცული იქნებოდა და ავტობუსში, სადაც დიდია სივრცე, უკვე კონდიცირების [ჩართვა] ნორმალური იქნებოდა. მაგრამ ახლა, როცა დისტანცირება არ არის დაცული და სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ, კონდიცირება მართლა შეიძლება პრობლემა იყოს“, – ამბობს ბუწაშვილი.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი პასუხობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, ტრანსპორტში მცირე რაოდენობით იყვნენ ადამიანები, რომ განლაგებულიყვნენ ჭადრაკულად და ა.შ. თუმცა, როგორც ის ამბობს, თბილისის რეალობაში აღნიშნულის განხორციელება ვერ მოხდებოდა. ამიტომ გამოსავლად მოსახლეობას სთავაზობს, რომ მოკლე მანძილზე ფეხით გადაადგილდნენ.
„შეუძლებელია თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული კონტროლი და ისევ მოვუწოდებ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ სატრანსპორტო საშუალებებში, მოდით, დავუთმოთ ადგილი იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდებათ. მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ გვიდგას“, – ამბობს ზახაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ნაშრომი იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს კონდიცირების გამოყენებისას, ამ ეტაპზე არ არის. ამიტომ, სანამ ამ საკითხზე სარწმუნო მტკიცებულებები არ დაიდება, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, მოქალაქეები დისკომფორტს გაგებით უნდა მოეკიდონ.