პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ქვეყნის დასჯა - კალაძე ევროკომისიის დასკვნაზე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ევროკომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ.

„პირადად მე ველოდებოდი იმას, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ იქნა მიღებული და ამასაც, რა თქმა უნდა,  აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ, არაფერი არ არის აქ დასამალი“, – განაცხადა მან.

კახა კალაძის თქმით, სამივე ქვეყანას საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირი დათქმები აქვს ევროპული პერსპექტივის ნაწილში, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ორ ქვეყანას მისცეს სტატუსი და საქართველოს – არა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის და აქტიურად იმუშავებს..

„როცა მე ვამბობ, რომ გულდასაწყვეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა  ბოლო წლების განმავლობაში ევროპული პერსპექტივისთვის, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეფორმებით.  არაფერზე უკან არ დაგვიხევია. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები  ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე მეტად თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი უამრავი ხელდაკარგული, ფეხდაკარგული ჯარისკაცი.

ეს ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს,  თითოეული ქართველისთვის. და ყველა ჩვენგანმა ვიცით, რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტების მიღება და პირდაპირ შეიძლება თქვა, რომ ქვეყნის დასჯაა, რომ არ მოგვცეს სტატუსი.  მაგრამ არ უნდა დავუყაროთ ფარ-ხმალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile