შშმ პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი

პუბლიკა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი.

მათი თქმით, თუ მმართველი პარტია რუსულ კანონს მიიღებს, ის არა მარტო არასამთავრობო სექტორს და მედია ორგანიზაციების მუშაობას შეექმნება საფრთხე, არამედ,  დაირღვევა შშმ პირთა უფლებებიც, რადგან ვეღარ მიიღებენ მნიშვნელოვან სერვისებს.

„თუ უცხოელი პარტნიორები დატოვებენ საქართველოს, ჩვენ რადარებიდან გავქრებით […]. რუსეთს უნდა ქართული საზოგადოება განუვითარებელი, დაბეჩავებული და გატეხილი და თუ შიგნით არსებული სეგმენტებიც დაბეჩავდებიან ცალ-ცალკე, ბევრად გაუმარტივდებათ მათ ჩვენი სახელმწიფოს სატელიტად ქცევა.

შესაბამისად, ჩვენ, შშმ პირთა ნაწილს, არ გვსურს ნამდვილად ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ინვალიდები. არ გვინდა, გავხდეთ ინვალიდები, რადგან გვინდა, ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსთვის რაღაცები ვაკეთოთ და ამ შესაძლებლობისთვის ჩვენ გვჭირდება ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვაძლევენ. არა რუსულ კანონს და არა პრორუსულ ქმედებებს!”, – ამბობს, ანა სიხაშვილი.

„მინდა, გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, თითქოს ეს კანონი არ შეეხება შშმ პირებს. ჩვენ აქ მყოფებმა რომ რაღაც ორგანიზაცია დავაფუძნოთ, მივიღოთ უცხოური დონორის დაფინანსება და ამ დაფინანსებით, მაგალითად, ვაწარმოოთ სასამართლო პროცესები ან დავიცვათ შშმ ქალები ძალადობისგან… ამ ტიპის ორგანიზაციების განსაზღვრა და გამორიცხვა ამ კანონიდან, ისედაც, ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისით იქნებოდა შეუძლებელი“, – აცხადებს შშმ ქალთა ორგანიზაცია „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე, ესმა გუმბერიძე.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.