პირი მოქალაქეებს მექსიკით აშშ-ში გადაყვანას ჰპირდებოდა და 23 900 დოლარი მიითვისა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.

საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო“, – ამბობენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.