საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს და მიიჩნევს, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რის გამოც მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად.
კერძოდ, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ: სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა; მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმპციას; თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა;
აქვე ყურადღება გამახვილებულია არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესაძლო დარღვევაზე.
აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში შესახლების დროს ლაზარე გრიგორიადისს ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თმა. ხსენებულს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ლაზარემ ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან არსებობს დაცვის მხარისა და პენიტენციური დაწესებულების შეფასებებს შორის რადიკალური სხვაობა, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის ობიექტური შესწავლა, მათ შორის, იმ კონტექსტში, ხომ არ მოხდა პატიმარზე ირიბი ზეწოლა.
ამასთან კავშირში, ასევე, აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე იანკოვი ბალგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria, 2003, 39084/97) განმარტა, რომ პირი, რომელსაც ციხეში იძულებით გადაპარსავენ თავს, განიცდის დამცირებას, ამგვარი მოპყრობა შეურაცხყოფს მის ღირსებას. თავის იძულებით გადაპარსვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ არასრულფასოვანია.
საია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს,- თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმციის ფარგლებს.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება იძულებით თმის გადაპარსვის ეპიზოდზე.
საქართველოს სახალხო დამცველს – როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე.