ჭიათურაში მაღაროელები მე-4 დღეა აქციას მართავენ. დღეს მშრომელებმა, რომლებიც სამუშაო პირობების შეცვლასა და ანაზღაურების მატებას მოითხოვენ, მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საჭიროა მაღაროებში ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღება, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება, შრომითი პირობების შეცვლა და ხელფასების ზრდა.
მაღაროელების სხვა მოთხოვნებს შორისაა: კუთვნილი შვებულებების და ბიულეტენზე გასვლისას ანაზღაურების მიღება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება და სხვ.
„ჯორჯიან მანგანეზი“ კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა ხელფასის გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს.