პირს, რომელიც ბავშვს გაეკიდა, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისში ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ სოსო გერლიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

IPN-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მრგვალი ბაღის მიმდებარედ ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ქვეითად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაკავებულმა და აქციის სხვა მონაწილეებმა აგრესიული სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და გაეკიდნენ.

უწყების წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდებმა ჩიხში შეაფარეს თავი, რა დროსაც დაკავებული სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდა, ის ახალგაზრდებს ჩიხშიც შეყვა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მყოფმა პირებმა, მათ შორის, პოლიციელებმაც აღიქვეს, რომ აქციის მონაწილეები არასრულწლოვნებს მისდევდნენ და ამის აღქმა მათი ვიზუალით, აღნაგობით მარტივად შესაძლებელი იყო.

IPN-ის ცნობით, უწყების წარმომადგენლის განმარტებითვე, არასრულწლოვნებს ფერადი მაისური ეცვათ, რაც გაკიდების მიზეზი გახდა. შსს-ს თანამშრომელი ასევე აცხადებდა, რომ აღნიშნული ფაქტი მას რომ შემთხვეოდა, არათუ არასრულწლოვანი, თავადაც კი ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდა. დაკავებული აცხადებდა, რომ მას ის პირები, რომლებსაც გაეკიდა, არასრულწლოვნებად არ აღუქვამს. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, დაკავებული სიტყვიერ დაპირისპირებას არ ჯერდებოდა და სიტუაცია ფიზიკური დაპირიპირების საფრთხესაც შეიცავდა.

სოსო გერლიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.