პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი შეიყვანეს

მინდია გაბაძე

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორი პირი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან შეიყვანეს. ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

„ორი პაციენტი დაგვემატა. ეს ორი პაციენტი მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონია. ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

სავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში ჯამში 73 პაციენტია, აქედან კი 19 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი იმყოფება.