პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ზუსტი დახასიათება - სააკაშვილი ზურაბიშვილზე

პუბლიკა

„ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება“, – ამის შესახებ წერილი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია. თუმცა ის მიესალმება დიალოგის შეთავაზებას.

„ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი.

ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ. ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდაოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ის არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაციია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში.

„ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია – ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის – რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა. საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ“, – წერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა.  მიღებას პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი დაესწრო. შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ე.წ. შერიგების პროცესზე და აღნიშნა, რომ ის მზად არის ამ პროცესზე აიღოს პასუხისმგებლობა.