პირველადი ანალიზით, COVID-19-ის ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია – მწარმოებლები

პუბლიკა

The Guardian-ის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შუალედური ანალიზის შედეგებმა ექსპერტთა მოლოდინს გადააჭარბა. მწარმოებელი კომპანიების განცხადებით, პირველმა შუალედურმა შედეგმა აჩვენა, რომ საცდელი ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია.

The Guardian-ის ინფორმაციით, ტესტირება გაგრძელდება, სანამ ვაქცინის ეფექტიანობის 164 შემთხვევა არ გამოვლინდება. გამოცემის ცნობით, ტესტირებაში 43 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.

კომპანიის განცხადებით, სერიოზული გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა. რეგულაციის თანახმად კი, ფართო მოხმარებისთვის ლიცენზირებული ვაქცინა დადებით შედეგს, მინიმუმ, 50% შემთხვევაში მაინც უნდა ავლენდეს.

კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა შეგროვება ნოემბრის მესამე კვირაში დაიწყება, შემდგომ კი მარეგულირებლებს გაეგზავნება. დაჩქარებული ლიცენზირების პირობებში კი, შესაძლოა, პირველი დოზა სამედიცინო პერსონალმა წლის ბოლოს მიიღოს.

„დღეს დიდებული დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის. COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის მე-3 ფაზის პირველადი შედეგები ცხადყოფს ჩვენი ვაქცინის შესაძლებლობას“, – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, მეცნიერები კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდებიან „სწორედ იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ის ყველაზე მეტად სჭირდება, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ახალ რეკორდებს ხსნის, საავადმყოფოები გადატვირთვის პირასაა და ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია“.